გოროზია კანონმა გაროზგა! ბატონმა ამრიდომ მეორედაც აარიდა

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 5 (9), სექტემბერი-ოქტომბერი. 2008 წელი]

ესეც ასე! სამეგრელო-ზემო სვანეთის ღუბერნატორი ზაზა გოროზია კანონმა მეორედ გაროზგა. გმირმა ზუგდიდელმა მოსამართლემ ამრიდო გელანტიამ მეორედ აარიდა უსამართლო განაჩენი მართალ ადამიანებს-"თავისუფალი გაზეთის" რედაქციასა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" ახალგაზრდა რედაქტორს ილია ჩაჩიბაიას.

მკითხველს მოეხსენება, რომ ღუბერნატორმა გოროზიამ ზემოხსენებულ ადამიანებს "პატივისა და ღირსების შელახვისათვის" სასამართლოში უჩივლა. პროცესი 10 ივნისს ზუგდიდის სასამართლოში გაიმართა და იმის გამო, რომ მასზე გოროზიას ადვოკატმა შოთა იზორიამ დააგვიანა, მოსამართლე ამრიდო გელანტიამ მოსარჩლე მხარის დაუსწრებლად გამოაცხადა ილია ჩაჩიბაიასა და "თავისუფალი გაზეთის" გამამართლებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას თავისი ყურით ისმენდა სასამართლო პროცესზე დაგვიანებით მისული შოთა იზორია. იმ დღეს გოროზიას ადვოკატი პირადად ნახეს "თავისუფალი გაზეთის" ჟურნალისტმა ირმა მესხიამ, მათმა ადვოკატმა მანანა კობახიძემ, სასამართლოს კანცელარიის და მანდატურის თანამშრომლებმა და, რაც მთავარია, თავად მოსამართლემ - ბატონმა ამრიდო გელანტიამ.

ყოველივე ამის შემდეგ ღუბერნატორი გოროზია ატყდა და ადამიანების გაცუცურაკება და გაბრიყვება მოინდომა: თქვენ ყველანი, გინდათ თუ არა, ბრმები, ყრუები და ჰალუცინაციებით შეპყრობილნი ხართ, ჩემი ადვოკატი 10 ივნისს სასამართლო პროცესზე არ ყოფილა, რაგან 9-დან 11 ივნისამდე თბილისში სამსახურებრივი მივლინებით მყავდა გაგზავნილიო! გოროზიამ ამის დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტიც გამოაჩინა, რომელზეც თავისი ღუბერნიის ბეჭედი დაასვა, მართლმსაჯულებას ცხვირწინ აუფრიალა და სასამართლოს მიერ 10 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

პროცესი ისევ ზუგდიდის სასამართლოში გაიმართა და მოსამართლე ისევ ბატონი ამრიდო გელანტია გახლდათ, რომელმაც, როგორც ზემოთ გითხარით, მართალ ადამიანებს უსამართლო განაჩენი ამჯერადაც აარიდა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, როგორც მოუსყიდველმა, უშიშარმა, სამართლიანმა და ობიექტურმა მოსამართლემ, როგორებიც ახლანდელ დროში უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადეგნენ!!!

1 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე ილია ჩაჩიბაიასა და "თავისუფალი გაზეთის" ადვოკატებს სასამართლოს წინაშე მოუხდათ იმის მტკიცება, რომ ზაზა გოროზიას ადვოკატს შოთა იზორიას მივლინების გაყალბებული განკარგულება ჰქონდა წარდგენილი.

ადვოკატებმა მანანა კობახიძემ და მერი ჯაფარიძემ მოიპოვეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს ზაზა გოროზიას ნამდვილი განკარგულება, რომლითაც დადასტურდა, რომ ღუბერნატორის ადვოკატი შოთა იზორიას 10 ივნისს მივლინებაში არ იმყოფებოდა. ასე რომ, მოსამართლე ამრიდო გელანტიამ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და გოროზიას ადვოკატს 10 ივნისს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩაუთვალა.

ღუბერნატორმა გოროზიამ, რომელსაც თავი დავით აღმაშენებელი ჰგონია, ჟურნალისტებთან ჯახში მეორედაც წაიმტვრია კისერი. მის აბობოქრებულ სახელისუფლო ვნებებს მართლმსაჯულებამ ცივი წყალი გადაასხა. დიახ, როგორც დავინახეთ, არც გოროზიას ხუშტურები და არც მისი თითიდან გამოწოვილი რეგალიები მართლმსაჯულებისათვის არაფერს ნიშნავს. რათქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ამ მართლმსაჯულების აღსრულება ამრიდო გელანტიასნაირ გმირ მოსამართლეს აქვს მინდობილი.

სწორედ ამ ადამიანის წყალობით სააკაშვილის ღუბერნატორმა ჟურნალისტების უსამართლო ხერხებით დამარცხება უკვე მეორედ ვერ შეძლო და გოროზიას მაგალითი ყურადსაღები უნდა იყოს სხვა თავგასული ჩინოვნიკებისთვისაც, რომლებიც ჟურნალისტებთან უსაგნო დაპირისპირებით თავისუფალი სიტყვისათვის აღვირის ამოდებას ცდილობენ!
[ჯაბა ხუბუბუა, "ასავალ დასავალი"]