"ღია ბოქლომს" 5000 ლარის გადახდა არ მოუწევს"

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 5 (9), სექტემბერი-ოქტომბერი. 2008 წელი] 16 წლის მოდელმა თამთა შედანიამ, გასული წლის ოქტომბერში ზუგდიდის ყოველთვიური ჟურნალის "ღია ბოქლომის" წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვინაიდან შედანია არასრულწლოვანია, საჩივარს ხელს მისი დედა ეკატერინე ჩუხუა აწერდა, ხოლო განცხადებას ბოლოში ჰქონდა მინაწერი: "ვეთანხმები დედაჩემის მიერ შედგენილ განცხადებას. თ. შედანია". შედანიას და მისი ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალ "ღია ბოქლომის" #7 დაბეჭდილმა სტატიამ.

პუბლიკაციის ავტორმა თამთას ინტერვიუს, რიგითი ზუგდიდელის საკმაოდ სკანდალური კომენტარი დაურთო. შედანია რედაქციისგან გავრცელებული ცნობის უარყოფას მოითხოვდა და მედიასაშუალებას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 ლარს სთხოვდა. თუმცა სასამართლო პროცესზე მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ მოდელის და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მომჩივანმა მხარემ იმისთვის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრებინათ ჩვენი რედაქციისთვის, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტაციის წარმოდგენა. აღსანიშნავია, რომ თამთამ ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ჟურნალ "ზუგდიდელებს" სადაც იგი ამბობს, რომ თითქოს ზუგდიდში სასამართლო პროცესი მოიგო, რაც სრული სიცრუეა და არ შეეფერება სიმართლეს. მან აგრეთვე აღნიშნულ ინტერვიუში ჩვენი რდაქციის მიმართ ბევრი ცილისწამებრული რამ თქვა, რასაც კომენტარს შეგნებულად არ გავუკეთებთ.

P.s. "ღია ბოქლომის" რედაქციას თამთა შედანიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პირიქით ჩვენ გვიხარია ახალგაზრდა ზუგდიდელი მოდელის ყველა წარმატება. თამთას ვუსურვებთ წინსვლას, კარიერაში და ვიმედოვნებთ დასრულდება მოდელის ახლობლების მხრიდან გაუთავებელი შეურაცხყოფა და ცილისწამება ჩვენი რედაქციის მიმართ.
[ჟურნალის რედაქცია]