მედიაომი – ხატზე გადაცემა, მკვლელობის მცდელობა და გატაცება

[ჟურნალი "ღია ბოქლომი " # 11, აპრილი - მაისი, 2009 წელი] ძვირფასო მკითხველებო, ამბავი რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ ზუგდიდელ ჟურნალისტებს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხება და ამ საკითხზე საუბარი ჩვენი რედაქციისთვის მტკივნეულია. რამოდენიმე დღის წინ - როგორც ამას ინტერნეტ პოტრალ "პრესა.გე"-ს კორესპონდენტი ნანა ფაჟავა ამტკიცებს - მისი მკვლელობა დააპირა "რუსთავი 2"-ის მედალოსანმა ჟურნლისტმა ემა გოგოხიამ, ეს უკანასკნელი ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. ტელეკომპანია "მზე"-ს ყოფილი (აგრეთვე ორდენოსანი) ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია კი "1 არხის" კორესპონდენტს ნატო ბერულავას გატაცების მოწყობაში ადანაშაულებს. ბერულავა აღნიშნულს შეთითხნილ ცრუ ბრალდებებად აფასებს და სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს. ამ საკითხზე არაერთხელ დაიწერა ინტერნეტ საინფორმაციო სივრცეში, თუმცა "ღია ბოქლომმა" გადაწყვიტა დაბალანსებული და მიუკერძოებელი მასალის მომზადება, ახალი ფაქტებით და ყველა მხარის კომენტარით. 

ჟურნალისტები: ნანა ფაჟავა, ემა გოგოხია მალხაზ ბასილაია და ნატო ბერულავა ერთმანეთს კონკურენციის გამო რომ დაპირისპირებოდნენ - ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, მაგრამ საქმე მკვლელობის მცდელობას და გატაცების ორგანიზებას ეხება. რედაქცია, არ აპირებს კოლეგების განსჯას, შემოგთავაზებთ დაპირისპირებული ჟურნალისტების ინტერვიუებს და თვითონ შეაფასეთ ძვირფასო მიკითხველებო თუ ვინ არის მტყუან-მართალი. 

ნანა ფაჟავა: "ორი დღის წინ სკოლასთან შვილს ველოდებოდი. შემთხვევით, ტელეკომპანია "ოდიშის" ყოფილ ოპერატორს შევხვდი, რომელთანაც ვსაუბრობდი. ცოტა ხანში, მეორე სკოლის ტერიტორიიდან მომავალი "მაზდას" ფირმის ჯიპი შევნიშნე. საერთოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანით მოძრაობა აკრძალულია და მანქანაც ამის გამო მოგვხვდა თვალში. თავიდან მძღოლი გზის შუა ნაწილზე მოძრაობდა, მაგრამ როგორც კი მოგვიახლოვდა, მკვეთრად მოუხვია და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. 

ჩემმა კოლეგამ უცებ ხელი მტაცა, რომ მან- 

ქანას გავერიდებინე. მოვასწარი და ბორდიურზე ავხტი. მოვიხედე და საჭესთან ემა გოგოხია დავინახე, რომელსაც გვერდით, ქერათმიანი ქალი ეჯდა. გოგოხიამ რაღაც წაიბურტყუნა, მაგრამ მხოლოდ სიტყვა "გადაგივლი" გავიგე". 

-ეს სერიოზული ბრალდებაა. დარწმუნებული ხარ, რომ სპეციალურად გააკეთა? 

-დარწმუნებული ვარ. არ ვამტკიცებ, რომ გოგოხია მე მდარაჯობდა, მაგრამ ფაქტია, როცა შემნიშნა ჩემსკენ გადმოუხვია. პატრულში დავრეკე და შეტყობინება გადავეცი. 

პატრული როცა მოვიდა მოვუყევი, რაც მოხდა, რომ მანქანა სანომრე ნიშნების გარეშე იყო და გოგოხიას შეჯახების აშკარა მცდელობა ჰქონდა. თუმცა, პატრულმა ეს ოქმში რატომღაც არ ჩაწერა. 

ამ ამბიდან ერთი საათის შემდეგ, გოგოხიას მანქანა უკვე სანომრე ნიშნებით ვნახე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მისი მანქანის სანომრე ნიშნებია. საქმე ისაა, რომ პოლიციის "პიკაპის" მარკის ავტომანქანა ვნახე მოხსნილი სანომრე ნიშნებით და ეჭვი მაქვს, გოგოხიამ იმ მანქანის სანომრე ნიშნები თავის მანქანაზე გადაიტანა. შემდეგ, ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, რომ ყველას ენახა, თითქოს, სანომრე ნიშნიანი მანქანით მოძრაობდა. 

პატრულს მოვთხოვე განემარტათ ჩემთვის, ვინ გააფრთხილა და ჩემი შეტყობინება ვინ გადასცა გოგოხიას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ეს ფაქტი ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ამიტომ, საპატრულო სამსახურში მივედი და ვუთხარი: კეთილი ინებეთ, ამოიღეთ ვიდეო ჩანაწერი და გაჩვენებთ მოძრაობდა თუ არა სანომრე ნიშნებით-თქო. 

-იქნებ, გაგეხუმრა. მოსაკლავად რატომ გაგიმეტებდა? 

-18 მარტს -რადიო "პალიტრაში" ირინა თევდორაშვილის გადაცემაში მამუკა არეშიძე და კობა ლიკლიკაძე იყვნენ მიწვეულები, რომლებიც კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე საუბრობდნენ. 

გადაცემაში პირველი ჩართვა მე მქონდა და ვთქვი, რომ კონფლიქტის ზონებიდან ტელევიზიებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ასევე, ვახსენე ხურჩის ინციდენტი. როცა ხურჩის ინციდენტი მოხდა, "ადამიანის უფლებათა ცენტრს" და რადიო "იმედს" წარმოვადგენდი და ამ ინციდენტიდან 15 წუთის შემდეგ გავაკეთე ჩართვა, სადაც ვთქვი, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლების, სპეცსამსახურების და ტელეჟურნალისტების პროვოცირებული იყო. 

ვახსენე ასევე განმუხურის ამბები და ვთქვი, რომ იმ რეპორტაჟების გამო, რომელიც "რუსთავი 2"-ით გადაიცემა, საფრთხეში ვარდებიან, როგორც გალის, ისე საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები. 

ოკუპაციის დროს, როცა აფხაზები რამდენიმე კვირით განმუხურსა და ხურჩას აკონტროლებდნენ, განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება. მაშინ, ერთერთი ქალბატონი "რუსთავი 2"-ის რეპორტაჟის გამო, სასწაულებრივ გადაურჩა დაწიოკებას და სახლ-კარის გადაწვას, რადგან აფხაზები ეძებდნენ. სინამდვილეში, ეს ქალბატონი არა განმუხურის, არამედ ანაკლიის მაცხოვრებელი იყო. 

ამის შესახებ მე ჩართვაში ვთქვი, მაგრამ კონკრეტულად ემა გოგოხია არ დამისახელებია. უბრალოდ, ვთქვი, რომ ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს და მიანიშნებს. 

"მზერის" კორესპოდენტს, მალხაზ ბასილაიას, პროდიუსერმა იმის გამო უსაყვედურა, რომ "რუსთავი 2"-ით გადაცემული რეპორტაჟი -მზეზე- არ მოხვდა. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა გოგოხიას დადგმული სცენარით შექმნილ სიუჟეტს. ბასილაიამ, რომელიც ემა გოგოხიას მანქანაში იჯდა, თავად მოისმინა, როგორ -შეუკვეთა- გოგოხიამ სპეცსამსახურის თანამშრომელს რუსი ჯარისკაცის სამი ფორმა და ერთი ტანკი. 

შემდგ, მომზადდა რეპორტაჟი, თითქოს, ნასვამი რუსის ჯარისკაცები ჭითაწყარის და ონარიის მოსახლეობას დაერივნენ და დააწიოკეს. ეს შემთხვევაც ვახსენე -რადიო "პალიტრაში", მაგრამ ისე, რომ გოგოხია არც მაშინ დამისახელებია. 

როდესაც გადაცემის ავტორმა მკითხა, რას უკავშირდებოდა ეს რეპორტაჟები და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ვთქვი, რომ ხშირ შემთხვევაში, ამის ავტორები არიან ჟურნალისტები, მაგრამ ხელისუფლებასთან შეთანხმებით; სპეცსამსახურების თანაავტორები არიან. 

ჩემი კიდევ ერთი განცხადება ეხებოდა ერთი კვირის განმავლობაში 5 შეიარაღებულ თავდასხმას, სადაც ასევე ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და გალში და ოტობაიაში მიმავალ მიკროავტობუსებს ძარცვავდნენ. 

ვთქვი, რომ ხშირად, ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით კომენტარებს აკეთებენ, არა გალის, არამედ ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაცხოვრებლები არიან და რომ მათ სპეციალურად ალაპარაკებენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გოგოხიასთვის ცუდი მოსასმენი იყო და შედეგიც მოჰყვა. 

-შენსა და გოგოხიას შორის, როგორც ჩანს, დიდი ხანია ურთიერთობა დაძაბულია 

-როცა ტელეკომპანია "იმედში", რადიო "იმედში" და "იბერიაში" ვმუშაობდი, კომენტარებისთვის უშიშროების სამსახურს ვუკავშირდებოდი. ხშირად, ისინი უარყოფდნენ ამ ინფორმაციებს, მაგრამ შემდეგ, ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები, მათი კომენტარებით "რუსთავი 2"-ის ეთერში ხვდებოდა. 

როცა ეს ინფორმაციები დამახინჯებული სახით "რუსთავი 2"-ით გადაიცემოდა, ვცდილობდი მათი ანულირება გამეკეთებინა და ფაქტები ზუსტად გადამეცა, რაც გოგოხიას უკმაყოფილებას იწვევდა. ამის გამო, მუდმივად მქონდა პრობლემა. ემა გოგოხია, როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, კონკურენციას უკავშირდებოდა, მაგრამ კრიმინალურ ელემენტებს შეიცავდა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის საზიანო იყო. 

იყო ასეთი ფაქტიც, როდესაც ენგურჰესის დაცვის თანამშრომელი უროტაძე ქართველმა პარტიზანებმა გაიტაცეს და დაბა ჯვარის მიმართულებით წაიყვანეს. მე ვთქვი, რომ ეს ქართველი პარტიზანების გაკეთებული იყო. მაშინ აფხაზური მხარე დამიკავშირდა და მკითხეს, როგორ არ მეშინია ან უშიშროების, ან პროკურატურის, ან ხელისუფლების? 

როცა უროტაძე გაათავისუფლეს, აფხაზურმა მხარემ ნება დამრთო, რომ ფაქტი გადამეღო ენგურის ხიდზე. როცა აფხაზურ გამშვებ პუნქტზე მივედით, იქ აფხაზური მხრიდან იყო რუსლან ქიშმარია, მილიციის უფროსი საბეკია, უშიშროებიდან ნარმანია და ქიშმარიას მოადგილე ლომია. მოიყვანეს უროტაძეც. ამ დროს, ჩემს პირად ტელეფონზე დარეკა ემა გოგოხიამ. მე ტელეფონი ქიშმარიას გადავეცი და ვუთხარი, რომ ემა გოგოხიასთვის ეთქვა, თითქოს, საბერიოში ვიყავი გადასული და ტელეფონი დასატენად მქონდა დატოვებული. 

ტელეფონი ხმოვანზე იყო ჩართული და მესმოდა გოგოხიას ხმა. იგი ქიშმარიას ეუბნებოდა, თითქოს, მე ვიცოდი ამ გატაცების შესახებ, რომ ვარ უშიშროების, პროკურატურის და ხელისუფლების აგენტი და, რომ იქედან ცოცხალი არ უნდა გავეშვით. ამაზე ქიშმარიას პასუხი იყო: არ დაგავიწყდეს, გოგოხია, ვინ ხარ და რა გაგიკეთებია. 

-რას გულისხმობდა? 

-ქიშმარიამ რაღაც კასეტა ახსენა, რაც მაშინ გაუგებარი იყო ჩემთვის. შემდეგ, თავად შევესწარი გოგოხიას უშიშროების თანამშრომლებთან კამათს და გავიგე, რომ გოგოხიას აფხაზებისთვის მიუყიდია კასეტები, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრები და პარტიზანები იყვნენ ჩაწერილები. ამის გამო, მას პრობლემები შეექმნა უშიშროებასთან. 

-ნანა, შენ თქვი, რომ გოგოხიამ შენი მკვლელობა ადრეც დაუკვეთა. ასეთი რა გავლენა აქვს გოგოხიას, რომ მის განკარგულებებს ემორჩილებიან? 

-იგი ბევრ ინფორმაციას ფლობს ბევრ ჩინოსანზე და როგორც ჩანს მათ აშანტაჟებს. რაც შეეხება ჩემი მოკვლის მცდელობას, ასეთი ფაქტის შესახებ მაშინ გავიგე, როცა 6 აფხაზი მებაჟე ჩაცხრილეს. როცა სროლის ხმა გავიგე, გადავწყვიტე პირდაპირ წავსულიყავი ენგურის ხიდზე. გადავედი აფხაზ მებაჟეებთან, რაც დიდი რისკი იყო, მაგრამ ვცდილობდი მაქსიმალური ინფორმაცია მიმეღო. 

როცა რუსულ საგუშაგოსთან მივედი, ხიდი უკვე გადაკეტილი იყო. ხალხს აფხაზეთის მიმართულებით არ ატარებდნენ და იქ იყვნენ შეგროვილნი. გადავწყვიტე ხალხიც ჩამეწერა და როგორც კი მიკროფონი ჩავრთე, ოცდაათამდე აფხაზმა ავტომატი გადატენა და მომიღერა. მეგონა მესროდნენ, მაგრამ გამაფრთხილეს: 10 წუთში აქ არ დაგინახოთო. ვუთხარი 10 წუთი რად მინდა, ორ წუთში გავქრებოდი. 

მეორე დღეს, მებაჟეების ჩაცხრილვის გამო, ჭუბურხინჯში ოთხმხრივი შეხვედრა დაინიშნა. იქ ვინმე ლორა ბედუკაძე დამხვდა, რომელიც ქართულად კარგად ლაპარაკობდა. როგორც კი დამინახა, მაშინვე ლანძღვა დამიწყო. მაშინ ვერ მივხვდი რას მერჩოდა, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ამ ქალმა ბოდიში მომიხადა. აღმოჩნდა, რომ საბაჟოზე გოგოხიას ჰქონდა დარეკილი და უთქვამს, თითქოს, მე მქონდა ინფორმაცია ამ მკლვლელობის შესახებ და ვიცოდი ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ავტორები. ამიტომ, ითხოვდა ცოცხალი არ გამოვეშვით იქედან. 

-როგორც ვიცი, "ტელეიმედიდან" შენი წამოსვლა სკანდალურ ფაქტებს უკავშირდებოდა. რა მოხდა მაშინ? 

-ესეც გოგოხიას დამსახურება იყო. გოგოხია, გრიშა ქობალია, რომელიც სააკაშვილის საყრდენად ითვლებოდა სამეგრელოში და მისი ვაჟი ლევან ქობალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიღუპა, მივრცელებდნენ ხმებს, თითქოს, მე აფხაზეთიდან კონტრაბანულად იარაღს და ნარკოტიკებს ვეზიდებოდი და აფხაზ კრიმინალებთან ვიყავი შეკრული. 

მაშინ გიორგი თარგამაძეს ვაცნობე ამის შესახებ და იურისტსაც ველაპარაკე. გიორგიმ მითხრა, შენ ნურაფრის გეშინია, ვიცით რაც ხდება. ეს "რუსთავი 2"-თან კონკურენციას უკავშირდება და მუშაობა გააგრძელეო. თუ შეგიძლია, ქობალიას ვაჟი ჩაწერე ამ ყველაფერთან დაკავშირებითო. 

როცა ლევან ქობალია ჩავწერე, მაშინ ისიც გავარკვიე, რომ ის იყო იმ ზარების ავტორი, რომელიც ჩემს ტელეფონზე მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. მასთან საუბრისას, მას რამდენიმე ფრაზა წამოცდა ისეთი, რამაც დამარწმუნა, რომ იმ ზარების ავტორი იყო. მისი დაღუპვის შემდეგ ეს ზარები შეწყდა. 

-დაუჯერებელია ყველაფერი რაზეც საუბრობ. როგორ ფიქრობ, ამ რეპორტაჟებზე დაკვეთა ხელისუფლებიდან მოდის, თუ ჟურნალისტის თვითშემოქმედების შედეგია? 

-როგორ გითხრა& გოგოხია თავადაა ავადმყოფური წარმოსახვის ადამიანი. თავად ვარ მომსწრე, როგორ გამოართვა ერთ-ერთ მიტინგის ორგანიზატორს 15 ლარი, შემდეგ ენგურის ხიდზე სოფლიდან მანქანით შავოსანი ქალები ჩამოიყვანა და წარმოდგენა გამართა, რაც "რუსთავი 2"-ზე გავიდა. 

რაც შეეხება ჩემთან დაპირისპირებას, ეს ყველაფერი ჩემს საქმიანობას უკავშირდება. სხვა პირადი კავშირი მე გოგოხიასთან არ მაქვს. უბედურება ის კი არ არის, მე რომ მტრობს. თავისი საქმიანობით, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებს. 

სხვათა შორის, მასთან ერთად მოქმედებს პირველი არხის რეგიონალური ჟურნალისტი ნატო ბერულავაც. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არის მალხაზ ბასილაიას გატაცების შემკვეთი. ამის შესახებ მალხაზმა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელ უფროსს სოფო კვინტრაძესაც აცნობა. 

ბასილაიამ დაასახელა ნატო ბერულავა, ემა გოგოხია და დაზვერვის თანამშრომელი კობა ჩხეტია, რომლებმაც აფხაზეთის მილიციის უფროსს ლორენს კოღონიას და უშიშროების უფროსს ედიკ ემირზადეს შეატყობინეს ბასილაიას გადადგილების შესახებ, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. რა თქმა უნდა, მათ ეს ფაქტი არ გაუხმაურებიათ, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომელიც ან საერთოდ ვერ ხვდება ეთერში, ან დამახინჯებულად გადის. 

სამეგრელოშიც ბევრი გოგოხიას და ბერულავას რამდენიმე მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებს. მეც მაქვს ინფორმაცია, როგორ აფეთქდა ერთ-ერთი აფხაზი მებაჟე გვარად გაბლია. მე მაშინ რეპორტაჟიც გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ეს ინფორმაცია არ მქონდა. ამ მებაჟეს დაბადების დღეზე, ზუგდიდიდან ძველმა მეგობარმა ნატო ბერულავამ ორი ბოთლი შამპანური გაუგზავნა. ახალგაზრდამ შამპანური როგორც კი გახსნა, მაშინვე აფეთქდა და დაიღუპა. 

თავად ბერულავასგან ვიცი, რომ ზუგდიდის უშიშროების უფროსმა გული ზაქარაიამ დაიბარა ბერულავა და არძინბას მოწამვლა შეუკვეთა. როგორც თავად ამბობდა, მან წინააღმდეგობა გაუწია და წლების შემდეგაც ემოციების გარეშე ვერ იხსენებდა ამ შემთხვევას. მკვლელობას ნებისმიერ ადამიანს არ დაუკვეთავენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის. 

-დაუჯერებელ ამბებს ყვები 

-თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს მონათხრობში, შეუძლიათ, ნახონ "რუსთავი 2"-ის და პირველი არხის სიუჟეტები და მოხდეს მათი განხილვა. ახლა "იმედზე" ლაშა ბერულავაც იგივე მასალებს ავრცელებს. ჩვენ ხშირად ვხედავთ ტერლეეკრანებზე ამ ჟურნალისტების სანათესაოს, რომლებიც გალის მაცხოვრებლების სახელით საუბრობენ. ამ დროს კი ზუგდიდელები არიან. 

მე მოვითხოვ, მოხდეს ლუსტრირება და საზოგადოებამ გაიგოს რამდენი წლის სტაჟი აქვთ ნატო ბერულავას და ემა გოგოხიას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის. რაც შეეხება ჩემს დაშინებას, მე არ ვარ შეშინებული, მაგრამ ვარ შეურაცხყოფილი. როცა ჟურნალისტი თავს ამდენის უფლებას აძლევს, კოლეგიალობის გამო გაჩუმებას არ ვაპირებ. დროა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. 

ნანა ფაჟავას ამ სკანდალური განცხადებების შემდეგ "პრესა.გე"-მ მალხაზ ბასილაიას ინტერვიუ გაავრცელა. "ღია ბოქლომის" რედაქცია თებერვლის ნომერში საკმაოდ ვრცლად მოგითხრობდათ მის გატაცებაზე მაგრამ საქმეში ახალი ეჭვები და ბრალდებები გაჩნდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი გატაცება მისივე კოლეგის, პირველი არხის რეგიონალური ჟურნალისტის, ნატო ბერულავას ხელშეწყობით მოხდა. გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ასე მოქცეულიყო ბერულავა? ბასილაიას ეს გაუთავებელი ბრალდებები აბსურდს ემსგავსება. ხან ზაზა გოროზიას ადანაშაულებს გატაცებაში ხან ლაშა ბერულავას ახლა კი რატომღაც ნატო ბერულავა გადაიქცა კრიმინალად - მკითხველმა განსაჯოს. 

მალხაზ ბასილაია: მე და დედაჩემი სოფელ ხეთაში ნათესავის სახლში ვიმყოფებოდით. ეს სახლი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ზაზა ლატარიას მეზობლად მდებარეობს. საღამოს თერთმეტი თუ თორმეტი საათი იქნებოდა, რომ ორი მანქანით ვიღაცეები მოვიდნენ და მე მიკითხეს. შემდეგ, ჩამსვეს მანქანაში, იქვე ტყიან ადგილზე გამიყვანეს და ცხრა პიროვნებამ ცემა დამიწყო. 

-რატომ, რას ითხოვდნენ შენგან? 

-მოითხოვდნენ, რომ ვიღაცის, რომელიც ვერ გავიგე ვინ იყო, აგენტობა უნდა მეღიარებინა. მეუბნებოდნენ, რომ მე თავში ამივარდა პრეზიდენტის გადმოცემული ღირსების ორდენი. ასევე მეკითხებოდნენ რა მინდოდა ამ სახლში და რა რეპორტაჟს ვამზადებდი. 

საქმე ისაა, რომ მაშინ, მე არსად არ ვმუშაობდი და მითუმეტეს, არანაირი გადასაღები აპარატურა არ მქონდა თან. ამის მიუხედავად, ისინი უმოწყალოდ მირტყამდნენ და ჩემზე სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდათ. შემდეგ, ჩამსვეს მანქანაში და სოფლის გზას დაადგნენ. გზაზე ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მოჰქონდათ თუ არა ნიჩბები და ტომრები, რომ ცოცხლად დავემარხეთ. 

ამ დროს, ერთ-ერთის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და უბრძანა, რომ უკან მიბრუნებულიყვნენ. ამიტომ, მათ ყანაში დამაგდეს და თავად წავიდნენ. მე ადგილობრივ მოსახლეობას ვთხოვე დახმარება და მათი დახმარებით შევატყობინე ჩემებს ყველაფერი. 

-საიდან გაიგეს მათ შენი ადგილსამყოფელი? 

-იმ დღეს მე ნატო ბერულავა შემეხმიანა და მკითხა სად ვიმყოფებოდი. სხვამ არავინ იცოდა იმ დღეს ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ. არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს, მე ხელს ვადებ ნატო ბერულავას, მაგრამ ფაქტია, იგი ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე დამიკავშირდა და იკითხა სად ვიმყოფებოდი. ჩემს ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ ბერულავა კარგ ურთიერთობაშია "კუდ"-ის უფროსთან და ძმაკაცობდა ზაზა ლატარიასთან. 

-როგორც ვიცი, აფხაზეთში შენს გატაცების ფაქტსაც ბერულავას უკავშირებ, რატომ? 

-ბერულავამ იცოდა იმის შესახებაც, რომ აფხაზეთში რეპორტაჟის მოსამზადებლად მივდიოდი და ისიც იცოდა ვისთან ერთად მივდიოდი. იგი ჯერ კიდევ მგზავრობის დროს შემეხმიანა და დამაკონკრეტებია უკვე წასული ვიყავი თუ არა. მაშინაც, ერთადერთი, მან იცოდა ჩემი გამგზავრების შესახებ. 

-რა მიზეზი აქვს ბერულავას, რომ შენზე სპეცსამსახურებს ინფორმაცია მიაწოდოს? 

-არ ვიცი ბერულავა აწვდიდა ინფორმაციას, უბრალო დამთხვევა იყო თუ, თავად სპეცსამსახურები არეკინებდნენ ჩემთან და ასე ქაჩავდნენ ჩემზე ინფორმაციას. ფაქტი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში, მხოლოდ ბერულავამ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ. 

-აფხაზ სპეცსამსახურებთან რა კავშირი ჰქონდა ბერულავას? 

-ედიკ ემირზადეს, რომელიც აფხაზეთის უშიშროების უფროსი იყო, ბერულავა საკმაოდ კარგად იცნობდა. მე და ბერულავა 

რაღაც დროის განმავლობაში, ვმეგობრობდით (რა ვიცოდი რა გველი მყოლია მეგობრად) და ვიცოდი, რომ ემირზადე და ბერულავა განუყრელი მეგობრები იყვნენ. 

ვერ გეტყვით, რა ინფორმაციას აწვდიდა ბერულავა ემირზადეს, მაგრამ, როცა ემირზადე გალისა და ოჩამჩირის საზღვართან დამხვდა, მე მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს ბერულავას ნამოქმედარი იყო. 

-ნანა ფაჟავა ამბობს, რომ შენ თავად მოისმინე ემა გოგოხიამ როგორ შეუკვეთა სპეცსამსახურებს ტანკი და რუსი ჯარისკაცის ფორმები. შემდეგ, მომზადდა და "რუსთავი 2"-ით გადაიცა რეპორტაჟი, სადაც, თითქოს, რუსის ჯარისკაცები ქართულ მოსახლეობას აწიოკებდნენ. იქნებ, დეტალურად მოყვე ამ ფაქტის შესახებ. 

-ემა გოგოხიასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ამ ფაქტის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შემიძლია. ძალიან გთხოვთ ამ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს. 

ნანა ფაჟავას და მალხაზ ბასილაიას 

ბრალდებებთან დაკავშირებით "ღია ბოქლომი" ნატო ბერულავას და ემა გოგოხიას დაუკავშირდა, ისინი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. როგორც ჩვენთან საუბრისას ბერულავამ აღნიშნა, იგი უახლოეს მომავალში აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში: 

-ღ.ბ.: ნატო, რას იტყვი გავრცელებულ ბრალდებებზე? 

-ნ.ბ.: არ მაინტერესებს, მე, სანამ არ შევხვდები პირველი არხის იურისტებს მანმადე 

არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. 

-ღ.ბ.: სასამართლოში აპირებ 

ჩივილს? 

-ნ.ბ.: დიახ. დამატებით ვიტყვი მხოლოდ 

ერთს. მე, წავედი ეკლესიაში და ხატზე გა- 

დავეცი ნანა ფაჟავა, მალხაზ ბასილაია და მათი შვილები. 

ილია, ეს იმდენად დიდი სიბინძურეა, იმდენად დიდი ტყუილია, რომ ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. უახლოესი ადამიანები აკეთებენ ამ სიბინძურეს თან დაკვეთით - ალბათ მათ ფულს უხდიან. ეს არის შეკვეთილი, შეთითხნილი საზიზღარი ბრალდებები. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ფაჟავას და ბასილაიას მონათხრობი სიმართლეა ჰქონდეს იქ... აღარ დამირეკო ამ თემაზე სანამ სასამართლოში არ შევიტან სარჩელს... 

ემა გოგოხიასთან საუბარი მოკლე გამოდგა, "ღია ბოქლომი" მას ტელეფონით დაუკავშირდა, როგორც გაირკვა ჟურნალისტს ქვედა კიდურის ოპერაცია ჩაუტარდა და საავადმყოფოში მკურნალობს. გვითხრა აღნიშნული ბრალდებების შესახებ არ წამიკითხავს და შესაბამისად კომენტარს არ გავაკეთებო. 

იმედია ერთი პროფესიის ადამიანებს შორის არსებული ეს დაპირისპირება მალე აღმოიფხვრება და თითოეული ჟურნალისტი იზრუნებს იმაზე, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იქნება მიუკერძოებელი და უტყუარი.
დაჩი კვიკვინია

უკან