შოთა უტიაშვილის თანდასწრებით პოლიციის უფროსმა შეურაცყოფა მომაყენა

დღეს, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ზუგდიდში იმყოფებოდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა.


მაკკეინთან ერთად, ზუგდიდში ჩამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. კერძოდ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.


როდესაც მაკკეინი სადამკვირვებლო მისიის ოფისში შეხვედრაზე შევიდა ზემოთხსენებული პოლიტიკოსები, რომლებიც სენატორს ახლდნენ გარეთ დარჩნენ. მათ შორის იყო შოთა უტიაშვილი, რომელსაც ნანა ფაჯავას, კახა მიქაიას, დათო სორდიას, საშკა მოლაშხიას, ალიკა გეთიას და თქვენი მონა მორჩილის უკანონო დაპატიმრებაზე ინფორმაცია მოკლედ მივაწოდე, განვუმარტე როგორ დამესხნენ თავს შსს თანამშრომლები 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ვიზიტისას, როგორ მცემეს და როგორ წამართვეს აუდიო და ვიდეო აპარატურა, აგრეთვე ვუამბე ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფრსის თენგის გუნავას მისი მოადგილის მეგის ქარდავას, საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელის ალიკა ბელქანიას და ზუგდიდის გამგებელის ალექსანდრე ქობალიას მიერ ჩვნს მიმართ განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე. უტიაშვილმა ყურადღებით მომისმინა და ამ ფაქტებზე რეაგირების მოხდენას შემპირდა. მითხრა, განცხადება დაწერე ჩემს სახელზე და ყველაფერს გამოვიძიებთ, ჟურნალისტებზე თავდასხმა ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო.


საუბარს ვასრულებდით, როდესაც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა მოგვიახლოვდნენ. შოთა უტიაშვილს მიმართეს და უთხრეს „ამას რას ელაპარაკებით არანორმალურია“–ო, მეგის ქარდავამ უტიაშვილის გასაგონად ექიმთან მისვლა ირონიული ტონით მირჩია, (მე პასუხის გაცემისგან თავი შევიკავე, რადგან უმალ "პროვოკატორად" შემრაცხავდნენ თან, მათგან განსხვავებით ზრდილობა გამაჩნია) გუნავამ იქვე მდგომ რიგით პოლიციელს დაუძახა და ჩემი იქიდან გაყვანა უბრძანა...


აღსანიშნავია, რომ ბატონი შოთა ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა და დაბნეულობისგან ხმას ვერ იღებდა. ახლა ხომ გჯერათ ბატონო უტიაშვილო რა დღეში ვყავართ ამ ნაძირალა ჩინოვნიკებს. თქვენს გასაგონად გამლანძღეს და ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიშვებიან როდესაც ჩვენს პირისპირ მარტო აღმოჩდებიან?!. მშვიდი და გაწონასწორებული საუბარი ასე უხეშად შეგვაწყვეტინეს და რას უზამენ იმ მოქალაქეს, რომელიც უბრალოდ უკმაყოფილოა ამ ხელისუფლებით?!.


საგულისხმოა, რომ ჩემი შეურაცყოფის ფაქტს გიგა ბოკეტიაც შეესწრო, მეტიც გუნავას ჰკითხა რა დააშავა ასეთი ამ ჟურნალისტმა მისი გაძევების გადაწყვეტილება, რომ მიიღეთო.


მოკლედ, ზუგდიდელი ჩინოვნიკები ჟურნალისტების უფლებებს მაშინაც არღვევენ, როდესაც ქალაქს ავტორიტეტული ფიგურები სტუმრობენ.


აქვე გეტყვით, რომ დღეს სააკაშვილის რეზიდენციასთან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუსალეს „რუსთავი2“–ის გადამღებ ჯგუფს, ისევ პილიციელებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ემა გოგოხიამ მომხადი ადგილზევე გააპროტესტა, თუმცა ეს ინციდენტი ბუნებრივია არასდროს გახმაურდება...

[ილია ჩაჩიბაია]